საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ქ.ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის პრეზიდენტს, ჩაბა კოროშის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს გაეროს გენერალური ასამბლეის განსაკუთრებული როლი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, რისი მორიგი გამოხატულებაცაა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის პრეზიდენტობის პრიორიტეტები. ქართული მხარე მიესალმა პრეზიდენტობის პრიორიტეტებს, რომლებიც ემსახურება გაეროს ქარტიის პრინციპებისადმი ერთგულებას, მდგრადი განვითარების მიზნების უზრუნველყოფას, სოლიდარობის პრინციპისა და მეცნიერული მიღწევების გზით კრიზისების დაძლევას და ა.შ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას პრეზიდენტის ოფისთან ორგანიზაციის ძირითადი მიზნების განხორციელების პროცესში, ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით.
განსაკუთრებით აღინიშნა გაეროსა და გენერალური ასამბლეის მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების აქტუალიზაციის მიმართულებით. კერძოდ, ხაზი გაესვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ყოველწლიურად წარდგენილ რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა შესახებ, მის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით.
მხარეების მიერ განსაკუთრებით აღინიშნა გაეროს ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში და ხაზი გაესვა ამ ფორმატში პროგრესის მიღწევის აუცილებლობას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების მიმართულებით. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და გაეროს აქტიურ ჩართულობას ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში.