თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე საუბარი და ამ თემის გარკვევა ამ დრომდე რომ არ მორჩა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამწუთას რაც მიმდინარეობს, ეს ყველაფერი მიმდინარეობს ხელისუფლების სცენარით, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მაგალითისთვის, ერთი პოლიტიკური პარტია იძახის, მე არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას და ვინც მიიღებს, ყველა არის დაწყევლილიო; მეორე იძახის, მე ჯერ არ ვიცი, ლეგიტიმაციას არ მივცემო, მაგრამ თან არ ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას; მესამე რეგიონში ოფისებს ხსნის და, საბოლოო ჯამში, არავინ არ ლაპარაკობს, თუ გადის ოპოზიცია არჩევნებზე მოსაგებად, მაშინ რა ტაქტიკით და მეთოდით გადის, რას ჰპირდება მოსახლეობას, ვინ არის მათი კანდიდატი მერობაზე და ა.შ. მე რომ ვუყურებ ამ სიტუაციას, ამ სცენას რომ ვუყურებ, რაც არის, მჯერა შინაგანად, რომ ამ ყველაფერში, რაც ახლა ხდება, „დურდომში“, რაც მოწყობილია, „ქართული ოცნება“ ფულს გადაიხდიდა. მე მგონია, რომ ამაში ფულს გადაიხდიდა ან ვიღაც ისეთი დეგენერატია მეორე მხრიდან, რომ ამას უფასოდ აკეთებს. შესაბამისად, ველოდებით, სადამდე მივა ეს პროცესი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამ განცხადებით იაგო ხვიჩიამ  შეკითხვას უპასუხა, რა აძლევს იმის საფუძველს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ ბულინგს ექვემდებარებიან, მაგრამ ისინი დაძლევენ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს აღარ დამალავენ, რადგან „მართალია, ჯერჯერობით საზოგადოებას დადასტურება არცერთი პარტიისგან არ მოუსმენია, თუმცა უმრავლესობა ამბობს, რომ რეგიონულ ოფისებში მზადება დაწყებულია და შესაძლებელია, „ლელომ“ მიიღოს მონაწილეობა და, ასევე, გახარიამაც“.

მისი თქმით, საარჩევნო პროგრამაზე მხოლოდ „გირჩი“ ფიქრობს და უნდათ, რეალურ პრობლემებზე საუბარი დაიწყონ, მაგრამ ხედავენ, რომ ამაზე საუბრის დაწყება, მათ გარდა, არავის არ უნდა.

„ანუ ფიზიკურად, მოედანზე დგახარ და მარტო ბურთს კენწლავ, რადგან არავინ არ თამაშობს და სხვასაც არ უთმობენ ადგილს. რომ გავიდნენ და თქვან, ჩვენ დავამთავრეთ პოლიტიკური მოღვაწეობა, წავედით, დაგემშვიდობეთ, ხალხო, კარგად იყავითო, ამასაც არ ამბობენ. ამბობენ იმას, მაგალითად, როგორ გითხრათ, ლუდის ბოთლით გვინდა მოედანზე სირბილი, ანუ, თამაში კი არ გვინდა, არამედ გვინდა, რაღაც სხვა ვაკეთოთო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.