დედაქალაქში „თბილისობის“ ტრადიციული სახალხო დღესასწაული გრძელდება.

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და „თბილისობის“ მონაწილეებსა და სტუმრებს დედაქალაქის მთავარი დღესასწაული მიულოცა.

კახა კალაძემ „თბილისობა 2025“-ის ფარგლებში გამართული აქტივობები შვილებთან ერთად დაათვალიერა. 

„ვულოცავ „თბილისობას“ ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ვისაც უხარია დედაქალაქის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. „თბილისობა“ განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. ჩვენი ქალაქია თვითონ განსაკუთრებული თავისი კულტურით, მრავალფეროვნებით, წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და ხალხით. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული და ყველა განსაკუთრებით ელოდება თბილისისადმი მიძღვნილი დღეების აღნიშვნას. აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა, ყველა თაობის ადამიანისთვის შექმნილია ყველანაირი პირობა დასვენებისა და გართობისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კომპანიას თანამშრომლობისთვის,  ყველას, ვინც დღეს ესწრება თბილისობის დღესასწაულს.

საღამოს, ასევე გელოდებით ევროპის მოედანზე, სადაც გალა-კონცერტი  გაიმართება, გეპატიჟებით ყველას - დიდსა თუ პატარას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები გრძელდება როგორც ორბელიანის მოედანზე, ასევე რიყის პარკში. საღამოს კი, 20.00 საათზე ევროპის მოედანზე საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“ გაიმართება.