ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ბრიტანეთის ელჩსა და ევროკავშირზე თავდამსხმელი განცხადებების ნაცვლად, ხალხში უნდა გავიდნენ და მათ პრობლემებს გაეცნონ.

„იცით, ყველაზე მეტად რაზე მწყდება გული? ეს ხალხი სულ ცუდისკენ რატომ არის მოწოდებული. ამხელა თანამდებობა გიკავია, ყოველ შემთხვევაში, შენ ასე ფიქრობ, ხომ შეიძლება, გამოხვიდე და ხალხისთვის სასიკეთო რამ თქვა. მგონი, საერთოდ სხვა სამყაროში არიან. რა ბრიტანეთის ელჩი? გავიდნენ, რა ხდება ქვეყანაში საწვავის ფასებზე, პროდუქტების ფასებზე, უმუშევრობაზე, მიგრაციაზე, დემოგრაფიაზე. ხან დანიას ეომებიან მგონი და ესხმიან თავს, ხან ბრიუსელს, ხან ევროკავშირს. საქართველოს მოქალაქეებს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მინდა, ვკითხო, ბრიტანეთის ელჩს რომ თავს დაესხა ეს პატივცემული ადამიანი, თქვენ ამით სამუშაოს იშოვით, ფასები გაგიიაფდებათ, საწვავის ფასი შემცირდება, ბავშვების წამალი დაფინანსდება, თუ რა? რაღაც საქმე ხომ უნდა გააკეთოს ამ ხალხმა. მათაც ვეუბნები – ხალხნო, მგონი, ტვინი გაქვთ დაბინდული, გადით ქუჩაში, დაელაპარაკეთ ხალხს, წამოგვყევით, დღე და ღამე ქუჩაში ვართ და ხალხს მოუსმინეთ, საერთოდ სხვაგან ხართ, მოწყვეტილი ხართ საერთოდ რეალობას. მაგ განცხადებით გგონიათ, რომ რამე მოგემატათ? ან საქართველოს რამე შეემატა? ვინმე დასაქმდა, რამე კარგი საქმე გაკეთდა, ინვესტიცია მოვიზიდეთ ამ განცხადებით? უარესი და უარესი, ხომ ფაქტია, არა? ამიტომ უნდა მოხვიდეთ 26-ში და ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ამ უბედურებას დაასრულებს ქვეყანაში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლარიზაციის დასრულებაზე საუბარიც ილუზიაა.

„ესენი არიან კვალიფიციური მატყუარები. ამ სიტყვას იყენებენ, რათა ისევ შეატყუონ ხალხს, თითქოს რამის გამოსწორება უნდათ. პოლარიზაციის დასრულებას რა უნდა? პოლიტპატიმრების გათავისუფლება, აბსურდული კანონების გაუქმება, ხალხთან საუბარი, ხალხის მოსმენა უნდა, ჩემგან გადაეცით თუ შეიძლება, ნუ დარბიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში. გასაღები იქ არ არის. გასაღები არის საქართველოში. აქ წყდება საქართველოს ბედი და ხალხს დაელაპარაკონ, გამოვიდნენ და მაშინ დასრულდება პოლარიზაცია, როცა სიძულვილის ენაზე, ბოროტებაზე, ამ ყოველდღიურ განცხადებებზე იტყვიან უარს. გამოდით გარეთ, დაელაპარაკეთ ხალხს. სხვაგან არის საზოგადოების პრობლემები და აბსოლუტურად სურეალიზმში ხართ გადასული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.