მესამე დღეა, „ქუდზე კაცი“ ვართ მოსული და 50 გარანტირებული ხმა გვაქვს - ველოდები, რომ დღესაც იგივე იქნება, მაგრამ ასე გავაგრძელებთ ბრძოლას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამ დღეებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, თუ რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“.
„ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობამ ბოლომდე გააშიშვლა „ქართული ოცნება“. ისინი არიან „კლანის“ ავტორები და ბოლომდე იცავენ „კლანის“ ყველა წევრ მოსამართლეს. ისინი არიან დანაშაულებრივი სისტემის თანამონაწილეები და შემქმნელები, რომლებიც საქართველოს აშორებენ ევროინტეგრაციის გზას. ოპოზიცია არის უპრეცედენტოდ ერთიანი, მესამე დღეა ჩვენ ქუდზე კაცი ვართ მოსული და 50 გარანტირებული ხმა გვაქვს, სამარცხვინოდ ზის „ქართული ოცნება“ დარბაზში, თავმჯდომარეები, მოადგილეები, მომსახურე პერსონალი, მაგრამ არ გადიან რეგისტრაციას. ველოდები, რომ დღესაც იგივე იქნება, არ ველოდები რაიმე განსხვავებულს, მაგრამ ვაპირებთ ასე გავაგრძელოთ ბრძოლა, რადგან კენჭისყრების გარეშე სხვა საკითხები დღის წესრიგში ვეღარ დადგება, თუ კვლავ არ დაარღვიეს პროცედურა და კვლავ კანონსაწინააღმდეგო პროცედურებს არ ჰქონდა ადგილი.
გაგახსენებთ, გასულ წელს, როცა 12 პუნქტზე რიგგარეშე სხდომა მივიწვიეთ, მათ კარები ამოქოლეს, არ მოვიდნენ, არ შექმნეს კვორუმი სხდომის ჩასატარებლად. დღეს ისინი სხედან დარბაზში და სამარცხვინოდ ღილაკს ხელს არ აჭერენ. ეს მკაფიო მაჩვენებელია საზოგადოებისთვის, ვისთან გვაქვს საქმე. ეს ხალხი აპირებს გააკეთოს ყველაფერი პერსონალური ინტერესებისთვის და წინ აღუდგეს ევროინტეგრაციის გზას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.