რეზოლუცია ხელს უწყობს იმ პოლარიზაციის გაღრმავებას, რაზეც კონგრესმა შეშფოთება გამოხატა. ის არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. მოვუწოდებთ დელეგატებს, რომ არ დაუჭირონ მხარი რეზოლუციას, რომელიც მიკერძოებულ აღქმებს ეყრდნობა, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 48-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოს შესახებ დადგენილების მიღება იგეგმება.
მისი თქმით, რეზოლუცია, რომელსაც კენჭი უნდა უყარონ არის მიკერძოებული და მასში მოყვანილი ფაქტები არ წარმოადგენს სიმართლეს.
„მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო არჩევნების საკითხს. საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის ვითარების შესახებ ანგარიში აკრიტიკებს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს მიღებულ ცვლილებებს. განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებული საარჩევნო კანონი შეიქმნა კონგრესთან თანამშრომლობით. ეს ფაქტი მეტყველებს ცვლილებების პროცესის დემოკრატიულ ხასიათზე. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ეუთოს საბოლოო ანგარიში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ასკვნის, რომ ზოგადი სამართლებრივი ჩარჩო იძლევა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. რაც შეეხება ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს, გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო ყოველთვის გამოირჩევა სადამკვირვებლო მისიების დიდი რაოდენობის მასპინძლობით. კვლავ, მზად ვართ, ვუმასპინძლოთ დამკვირვებლებს წინასაარჩევნო პერიოდსა თუ არჩევნების დღეს, მონიტორინგის მიზნით. მოგეხსენებათ, სოლიდურმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ეუთო/ოდირმა, დაადასტურა საპარლამენტო არჩევნების თავსებადობა საერთაშორისო სტანდარტებთან. არჩევნებში საბოლოო ჯამში მონაწილეობა მიიღო 1.2 მილიონმა ამომრჩეველმა და მმართველმა პარტიამ მოიპოვა მაღალი დონის ლეგიტიმურობა, ამიტომ უმრავლესობის ნება და ხმა არ უნდა იყოს უარყოფილი. მოუთმენლად ველით კონგრესის სადამკვირვებლო მისიას მოახლოებულ არჩევნებში. არჩევნები ჩატარდება ელექტრონული სისტემით, რომელიც აღიარებულია, როგორც ყველაზე სანდო და რომელიც თითქმის სრულად აღმოფხვრის არჩევნების გაყალბებისა თუ შედეგების მანიპულაციის შესაძლებლობას. უაღრესად ვაფასებთ კონგრესთან ჩვენს უწყვეტ თანამშრომლობას, ჩვენთვის საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით ეს თანამშრომლობა ღირებულია. ამის ფონზე, სამწუხაროა, რომ რეზოლუცია ეფუძნება ცრუ აღქმებს, რომელიც აზიანებს ევროკავშირის იმიჯს ქართველი მოსახლეობის თვალში. რეზოლუცია ხელს უწყობს იმ პოლარიზაციის გაღრმავებას, რაზეც კონგრესმა შეშფოთება გამოხატა. ეს რეზოლუცია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და არ წარმოადგენს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. ამიტომ მოვუწოდებთ დელეგატებს, რომ არ დაუჭირონ მხარი ამ სადავო რეზოლუციას, რომელიც მიკერძოებულ აღქმებს ეყრდნობა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.