„ძალიან დიდი დარტყმა პარტიას რამაც მიაყენა, მათ შორის ნიჰილიზმის დათესვის კუთხით, არის გიორგი გახარიასთან კოალიციის შექმნა,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია პარტია "საქართველოსთვის" ლიდერთან, გიორგი გახარიასთან იყო კატასტროფა პარტიისთვის.
„გიორგი გახარიასთან კოალიციის შექმნამ პრაქტიკულად ჩამოშალა ის ინფრასტრუქტურა, რომელი ინფრასტრუქტურის ნაწილიც იყო ძალიან ბევრი ჩვენი პატრიოტი ადამიანის მხარდაჭერა მათ შორის ღიად და ჩვენ გამოვჩნდით ადამიანები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში გიორგი გახარიას ვაძახებდით რომ რუსია, თვალები დაგვთხარა, როდიონოვს ვამსგავსებდით ამ ადამიანს და უცებ იქმნება კოალიცია. ამაზე მე მქონდა ჩემი საჯარო პოზიცია და პირდაპირ ვთქვი მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს არ მოეწონა, ეს იყო კატასტროფა პარტიისთვის. მართლაც ასე მოხდა და ახლა როგორ გინდა დააჯერო კიდევ ერთხელ ხალხი რომ შენ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს არ გადადგამ.“- განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
შეგახსენებთ, მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძისგან მიიღო შეთავაზება, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ.