მოვუწოდებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, ძველ ლიდერებს მივმართავ, თუ თქვენ თვლით, რომ მე უნდა დამიჭიროთ მხარი, შეგიძლიათ, დამიჭიროთ მხარი, ეს თქვენი უფლებაა, ისევე როგორც ჩემი უფლებაა, მქონდეს ჩემი პოზიცია, ამაში უცნაურს და უარყოფითს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი მუმლაძემ განმარტა, მიესალმება ყველა იმ ადამიანის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რომლებიც, მისი თქმით, სწორ მხარეს აირჩევენ და იბრძოლებენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, აერთიანებს ასიათასობით ადამიანს, მათ შორის ამ ასიათასობით ადამიანში არის ბევრი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, ბევრი რიგითი აქტივისტი, პოლიტიკოსი და ა.შ. ყველას მივმართავ, თუ თქვენ გაქვთ გადაწყვეტილი, პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოთ და იბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მე ვამბობ, მივესალმები თქვენს გადაწყვეტილებას, ამ ბრძოლაში საჭიროა, ბევრნი ვიყოთ და ისტორიის ამ კონკრეტულ მომენტში დავდგეთ სწორ მხარეს. ეს სწორი მხარე არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.