„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროგრამა გამართულად არ მუშაობს და ხარვეზების გამო ბევრ ადამიანს უჭირს დარეგისტრირება.
„13 იანვარს დაიწყო მხარდამჭერთა რეგისტრაცია, რათა ადამიანებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა, სამწუხაროდ, გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, პროგრამა ვერ მუშაობს გამართულად, არის ხარვეზები და ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს დარეგისტრირება. პირდაპირ ვაცხადებ, ეს კიდევ ერთხელ არის დადასტურება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი მენეჯმენტი საკმაოდ სუსტია და ვერ უზრუნველყოფს შიდა არჩევნებისთვის გამართული პროგრამის შემოთავაზებას. ამით, პრაქტიკულად, საფრთხე შეექმნა არჩევნების სანდოობის საკითხს. როდესაც ადამიანებს სურთ, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ტექნიკური ბარიერების გამო ეს ვერ ხერხდება, ბუნებრივია, მათ უცრუვდებათ გული პროცესზე. იმის ნაცვლად, რომ მეტ ადამიანს მივცეთ შანსი, ჩაერთოს და უფრო ლეგიტიმური იყოს არჩეული თავმჯდომარე, ამ ბარიერებით მაქსიმალურად ვამცირებთ არჩევნებში მონაწილე ადამიანთა რაოდენობას, რაც კატასტროფაა. ყველაზე მეტად ვინც ახლა ზარალდება, ვართ ჩვენ, რადგან ჩვენ გვყავს პარტიაზე გაბრაზებული და პარტიის საქმიანობით უკმაყოფილო ამომრჩეველი, ვინც გვიჭერს მხარს. ჩვენ არ გვაქვს რესურსი, ჯგუფები შევქმნათ, ორგანიზებულად დავიწყოთ ხალხის დარეგისტრირება. ამის მეტ-ნაკლები შესაძლებლობა აქვთ პარტიაში მყოფ ადამიანებს და ისინი ამას უფრო ადვილად შეძლებენ, ვიდრე ჩვენ, რადგან ჩვენ დამოკიდებული ვართ მხარდამჭერების თვითორგანიზებაზე.
თავიდან განსაზღვრული იყო რეგისტრაციისთვის 20 დღე, შემდეგ შეამცირეს 13 დღემდე და ამ 13 დღიდან მესამე დღეა, მიმდინარეობს რეგისტრაცია, ისიც ხარვეზებით. ნებსით მოხდა თუ უნებლიეთ, ყველა შემთხვევაში ამან უკვე დაგვაზარალა. ამიტომ უახლოეს საათებში პარტიამ, საორგანიზაციო ჯგუფმა უნდა დადოს ოფიციალური განცხადება, რის გამოსწორებას აპირებენ ან შეძლებენ თუ ვერა. თუ ამას არ გააკეთებს, პრაქტიკულად, პროცესის ლეგიტიმაციის საკითხი დგება ეჭვქვეშ. ვფიქრობ, რომ თუ ეს ხარვეზები დროულად ვერ აღმოიფხვრება, შეიძლება, თარიღის გადაწევა იყოს გონივრული, რადგან თუ ვერ დავარეგისტრირეთ ჩვენი მხარდამჭერები, პროცესის მიმართ სანდოობა დაიკარგება“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.