ვინც იქ ეს ხატი იქ დადო, მან ჩვენს ეკლესიას პროვოკაცია მოუწყო. ეკლესიაში რამეზე საღებავის შესხმა არასწორი საქციელია - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე საღებავის შესხმის ფაქტს:
"სამებაში სტალინის ხატი ცხადია ქრისტიანობის შეურაცხმყოფელია და ვინც იქ ეს ხატი იქ დადო, მან ჩვენს ეკლესიას პროვოკაცია მოუწყო. ეკლესიაში რამეზე საღებავის შესხმა არასწორი საქციელია. ნათელია რომ საქართველოს მტრები - პუტინის რუსეთი, ეცდება ქრისტიანობა და ეკლესია ევროკავშირში გაწევრიანების იდეასა და მიზანს დააპირისპირონ. ამ მიზნით მრავალი ბინძური სხვა პროვოკაცია განხორციელდება, რუსეთი ეცდება ქართული საზოგადოება დაყოს და ერთმანეთს დააპირისპიროს. ამ პროვოკაციებს ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენი ეკლესიის მრევლი (ვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გვსურს) არ უნდა ავყვეთ და მათ სწორი პასუხი უნდა გავცეთ" - წერს გიორგი ბარამიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტო, რომელსაც ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ასევე, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა ნატა ფერაძემ.
სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს
შეგახსენებთ: 6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი თქმით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, გიორგი კანდელაკმაც. მოგვიანებით, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა: ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა განაცხადეს, რომ რუსი წმინდანის ხატი სამების ტაძარს მათ შესწირეს.