ოჩამჩირის პორტი, რომელიც განმუხურიდან თვალით სჩანს, უკრაინის ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი გახდება - აქედანაც კარგად ჩანს, ვის უნდა ომი და ვინ ითრევს ომში საქართველოს,- ამის შესახებ პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“.
„რუსები ოჩამჩირეში ყოფილი სამხედრო პორტის აღდგენას იწყებენ. ეს პორტი იქნება აქტიურად ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, ხორბლის თუ სხვა ეკონომიკური კორიდორების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ოჩამჩირის პორტი, რომელიც განმუხურიდან თვალით სჩანს, უკრაინის ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი გახდება. აქედანაც კარგად ჩანს, ვის უნდა ომი და ვინ ითრევს ომში საქართველოს.
ამასთანავე, მხოლოდ უკრაინის გამარჯვება ქმნის შავი ზღვის აუზიდან რუსეთის ამოძირკვის წინაპირობას, ბალტიის ზღვის მსგავსად. ამ კუთხით აფხაზეთის „ანკლავი“ განწირულია. საქართველოს გამთლიანების შანსი უკრაინის გამარჯვებაა, მაგრამ არც ეგეთ შემთხვევაში დაგვეცემა თავზე საჩუქარი. „რა უნდა ამერიკულ გემს შავ ზღვაში“ - გვამცნო თავის დროზე ბიძინამ. ივანიშვილმა ყველაზე საზიზღარი, რაც ქართველ ხალხს დამართა ისაა, რომ მთელი ქვეყანა ნაცარქექიად აქცია“, - წერს გიგი უგულავა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა.