ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პარტია უერთდება 27 მაისს დაგეგმილ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანია რომ საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიუტანოს გზავნილი და ასევე გააგებინოს საერთაშორისო აუდიტორიასაც, ზურაბიშვილის ზოგადი საუბრები ევროპულ არჩევანზე, არაფრის მთქმელია, თუ ის ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს.

"მინდა გავახსენო ყველას, რომ მას ეს ინსტრუმენტი წარსულში გამოყენებული აქვს ძალიან წინააღმდეგობრივ კრიმინალურ შემთხვევებზე და აქ, განსაკუთრებით გვარამიას შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური დევნის შემთხვევაში, სადაც ზედაპირზე დევს - ამ საქმისთვის არის გაკეთებული, რომ რეჟიმს ეჩვენებინა ყველასთვის, უტიფრად, თავხედურად შეიძლება დავიჭირო კრიტიკული მედიის მენეჯერი მისი კომპანიის მანქანის გამოყენებისთვის - ასეთი საქმისთვის არ იყენებს ამდენი ხანი. ეს ჩემთვის პოლიტიკური განაჩენია ამ პრეზიდენტზე. თუ მას სურს, რომ რაღაც მაინც გამოასწოროს მის მიერ გაფუჭებულ საქმეში, აი ეს არის მისი შესაძლებლობა, ახლაც კი და ამას უნდა მიეძღვნას ეს აქცია და ჩვენ ამ გზავნილს მივიტანთ".- ამბობს გიგა ბოკერია.