მოსკოვში, წითელ მოედანზე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავი აღლუმი დასრულდა.
ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმს წითელ მოედანზე მოწყობილი ცენტრალური ტრიბუნიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ადევნებდნენ თვალს ჩინეთის, ბრაზილიის, სერბეთის, სლოვაკეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის (ბოსნიის ავტონომიური სერბული რესპუბლიკის), ეგვიპტის, ვენესუელის, ვიეტნამის, კუბის, მონღოლეთის, ბურკინა-ფასოს, გვინეი-ბისაუს, ეკვატორული გვინეის, ეთიოპიის, ზიმბაბვეს, კონგოს, მიანმარის, პალესტინის აგრეთვე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების (ბელორუსიის, თურქმენეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის) პირველი პირები.
საზეიმო მსვლელობაში რუსეთის არმიის, მათ შორის უკრაინაში მებრძოლი დანაყოფების, ჯარისკაცებთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ ჩინეთის, ვიეტნამის, მონღოლეთის, ლაოსის, მიანმარის, ეგვიპტის და აზერბაიჯანის, ბელორუსიის, თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის სამხედროები.
„ჩვენ გვახსოვს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და არასდროს დავეთანხმებით მისი მოვლენების დამახინჯებას ჯალათების გასამართლებლად და ნამდვილი გამარჯვებულების ცილისწამების მიზნით.
ჩვენი ვალია დავიცვათ ღირსება წითელი არმიის ჯარისკაცების და მეთაურების და დიდი გმირობა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან მსოფლიო ისტორიაში, როგორც რუსი ჯარისკაცები“ - განაცხადა აღლუმის მონაწილე 10000-ზე მეტ ჯარისკაცის, აგრეთვე წითელ მოედანზე მყოფი მრავალრიცხოვანი მოქალაქეების და სტუმრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში მოსახლეობის 20%-ზე მეტი, დაახლოებით 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან თითქმის ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. ამ დროისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 57 ვეტერანი ცხოვრობს.