გუშინ, ვატიკანში, 133 კარდინალის გადაწყვეტილებით, იტალიურ-ფრანგულ-ესპანური ფესვების მქონე, 1955 წელს ჩიკაგოში დაბადებული, აშშ-ის და პერუს მოქალაქეობის მქონე რობერტ ფრენსის პრევო რომის 267-ე პაპი გახდა.
პაპის არჩევიდან არასრულ ერთ დღეში მედიამ მის შესახებ არაერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილი გახდა, რომ პაპი ლეონ (ლეო) XIV, სანამ კარდინალი გახდებოდა (პაპმა ფრანცისკმა იგი კარდინალად 2023 წელს აკურთხა), თავისუფალ დროს ხშირად და სიამოვნებით თამაშობდა ჩოგბურთს.
„მე თავს მოყვარულ ჩოგბურთელად ვთვლი. პერუდან წასმოსვლის შემდეგ რამდენჯერმე მქონდა თამაშის შესაძლებლობა, ამიტომ მოუთმენლად ველი კორტზე დაბრუნებას. თუმცა ეს ახალი დანიშვნა ჯერ ამისთვის დიდ თავისუფალ დროს არ მიტოვებს. ასევე მიყვარს კითხვა, ხანგრძლივი სეირნობა და მოგზაურობა - მსიამოვნებს ახალი და განსხვავებული ადგილების შესწავლა. მსიამოვნებს მეგობრებთან ერთად დასვენება და სხვადასხვა ადამიანების გაცნობა“ - ამბობდა პრევო კარდინალად არჩევიდან მცირე ხნის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში.
იტალიური La Gazzetta dello Sport-ი კი „მის ნაცნობებზე დაყრდნობით“, წერს, რომ პაპს „შესანიშნავი ბექჰენდი (დარტყმის ერთგვარი სახეობა ჩოგბურთში - „აიპრესი“) აქვს და ძლიერი მოწინააღმდეგეა“.
ასვლის შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე ჩიკაგოშო, ბეისბოლის კლუბ „ჩიკაგო კაბსის“ სტადიონზე, გაჩნდა ბანერი წარწერით:
„ეი, ჩიკაგო, ის „კაბსის“ გულშემატკივარია".
საღამოს, ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას, პაპის ძმამ, ჯონ პრევომ, ჩიკაგოს მეორე გუნდის, „ჩიკაგო უაიტ სოკსის“ გულშემატკივრები გაახარა.
„ის ყოველთვის „სოკსის“ გულშემატკივარი იყო“ - თქვა მან.
ასევე ცნობილი გახდა, რომ პაპი ლეონ XIV არის პერუს პირველი ლიგის უძველესი კლუბის, „ალიანსა ლიმას“ გულშემატკივარი. 1901 წელს დაარსებული „ალიანსა ლიმა“ პოპულარობით პერუში პირველ, სამხრეთ ამერიკაში კი მეექვსე ადგილზეა. წლევანდელ სეზონში კლუბს 10 ტურის შემდეგ 19 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.
იტალიურ „ანსასთან“ საუბარში პრევოს მეგობარმა მღვდელმა ანიშნა, რომ პაპი სპორტის მოყვარულია და მისი საყვარელი საფეხბურთო კლუბია „რომა“.
მასთან სწრაფად შეგიძლიათ დაამყაროთ მეგობრობა და მიაღწიოთ ურთიერთგაგებას. „ჩვენ ერთად ვმოგზაურობდით და კარგად ვატარებდით დროს. რობერტს უყვარდა მანქანის მართვა, მას შეეძლო საათობით ემართა, რადგან ეს სიამოვნებას ანიჭებდა. მას ბევრი ჰობი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი სპორტია. ის „რომას“ დიდი გულშემატკივარია. მე ვესაუბრე მას „რომა“ - „ფიორენტინას“ მატჩის შემდეგ, რომელიც „რომამ“ მოიგო (შეხვედრა 4 მაისს, რომში გაიმართა და 1:ო დასრულდა - „აიპრესი“). მან ხუმრობით თქვა, რომ „რომას“ გამარჯვება იყო პაპ ფრანცისკეს პირველი სასწაული მისი გარდაცვალების შემდეგ“, - განუცხადა ჯუზეპე პაგანომ „ანსას“.
ედისონ ფარფანმა, პერუში პრევოს ყოფილი ეპარქიის ეპისკოპოსმა, ჟურნალისტებან საუბარში თქვა, რომ „მას უყვარდა თხის ხორცი, იხვი ბრინჯით და სევიჩე (ლიმონის და ლაიმის წვენებით და სხვადასხვა სუნელებით შეზავებული ახალი უმი თევზის კერძი - „აიპრესი“), ეს მისი საყვარელი კერძები იყო“, თუმცა, იმავე ფარფანის და სხვების თქმით, პრევო სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების დახმარებაზე იყო ორიენტირებული.
პაპი ლეონი პირველი პაპი არ არის, ვინც პოსტებს წერს, თუმცა ის პირველია, ვისაც სოციალურ მედიაში პოსტების გამოქვეყნების ხანგრძლივი ისტორია აქვს. პოსტების ნახვა როგორც მეგობრებს, ასევე მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრევოს აღზევება შეაფასა, როგორც დიდი პატივი ქვეყნისთვის, ილონ მასკის X-ზე ულტრამემარჯვენე ტროლებმა სწრაფად დაგმეს იგი და მას „გამოღვიძებული მარქსისტი პაპი“ უწოდეს.
პრევოს მიერ მოვლენების ქრონოლოგია იმაზე მიუთითებს, რომ ახალი პაპი შესაძლოა კონფლიქტში მოვიდეს ტრამპის თეთრ სახლთან მისი მკაცრი ანტიიმიგრაციული პოლიტიკის გამო.
მან გააკრიტიკა ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის იდეა იმის შესახებ, რომ ქრისტიანებს უნდა უყვარდეთ ამ თანმიმდევრობით: ოჯახები, მეზობლები, თემი და თანამოქალაქეები.
3 თებერვალს, პაპად არჩევამდე სამი თვით ადრე, მან რეპოსტი გამოაქვეყნს სათაურით: „ჯ.დ. ვენსი ცდება: იესო არ გვთხოვს, რომ სხვების მიმართ ჩვენი სიყვარულის რანჟირებას“.
X-ზე ანგარიშის შექმნიდან 14 წლის განმავლობაში მან 400-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნა სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე: რასიზმი, სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობა, COVID-19 და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა.
მან ასევე გაამძაფრა ტრამპის ანტიიმიგრაციული პოლიტიკის კრიტიკა 2017 წლის სტატიის ხელახლა გამოქვეყნებით, რომელშიც ლტოლვილთა მიღების აკრძალვას „ამერიკის ისტორიაში ბნელი საათი“ უწოდა.
მარტში ტრამპმა ინგლისური შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად გამოაცხადა.
ორი თვის შემდეგ, ვატიკანში შეერთებული შტატებიდან ჩასულმა პირველმა პაპმა მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა იტალიურ, ლათინურ და... მისი საყვარელი პერუს ოფიციალურ - ესპანურ ენაზე, რითაც ლათინური ამერიკიდან ახალი პაპის ვინაობის გასაგებად ვატიკანში სპეციალურად ჩასული ხალხი გააკვირვა და მათი აპლოდისმენტები დაიმსახურა.