ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, შესაძლოა ქართული ავიაკომპანიები დასანქცირდნენ.

მისი თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები და განწყობა, მათი გადადგმული, თუ არ გადადგმული ნაბიჯები, ყველაფერი ერთად უწყობს ხელს საქართველოს იზოლაციას დასავლეთისგან და დაუცველად დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე.

„ეს ადამიანები, ივანიშვილის და მისი არარაობების გარემოცვა თითქოს, მშვიდობის დროშის დაცვის ქვეშ, რეალურად რუსული აგრესიის საფრთხეს გვიზრდის. ისეთი რეპუტაცია აქვთ და ისეთი განცხადებები გააკეთეს, ამ ფონზეც კი, რომ განიხილება საქართველოში თბილისის აეროპორტის სანქცირების საკითხი.

ეს არის ამ მავნებლობის პირდაპირი მტკიცებულება. თუ საქმე აქამდე მივიდა, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების რეაქცია და მოჰყვება კიდეც, დარწმუნებული ვარ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილებით უნდა დამთავრდეს, მაგრამ, სანამ ცვლილება მოხდება, ეს იმხელა დარტყმაა, თუ მანდამდე მივიდა საქმე, რომ ამას არ გაატარებს საქართველოს საზოგადოება“ - თქვა გიგა ბოკერიამ