იმდენად თვალსაჩინოა ის თაღლითობა და თვალთმაქცობა, რომელიც ვითომ და ხმების ფარულობის დარღვევას უკავშირდება, ვფიქრობ,  აქ სხვა გეგმაც არის ჩადებული, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიკერძოებულობაში დაადანაშაულონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი აბსურდულია.

„ვნახოთ, საკონსტიტუციო სასამართლო როგორ გადაწყვეტს. ბრალდება აბსურდულია. უსაფუძვლოა ყველანაირი სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა. რაც შეეხება იმას, რომ პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს არსად არ წერია. ასეთი ნორმა არ არსებობს, რომ არსებობდეს, ინტერპრეტაცია შეიძლება, მაგის ოსტატები არიან. ამის მიხედვით, ნებისმიერ დემოკრატიაში შეიძლება, პარლამენტის სხდომა არასდროს შედგეს, მით უმეტეს თუ გაასაჩივრეს, ვიღაც არ შევიდა და მანდატებზე უარი თქვა. გამოდის, რომ მუდმივად რიგგარეშე არჩევნები უნდა ატარო. სისულელე იქნება ასეთი ინტერპრეტაცია, ვინაიდან ეს დაშვება მიანიშნებს იმაზე, რომ გაუთავებლად შეიძლება, იყოს ამ საკითხზე ლაპარაკი. პარლამენტი არასდროს არ უნდა შეიკრიბოს, ვიდრე ხელისუფლებაში აკრობატ ელისაშვილს არ აირჩევენ. დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს და ქვეყანა უნდა ჩამოანგრიონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.