"ეს გაცილებით დიდ ამოცანას და დიდ მიზანს ემსახურება - როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს იმ ხელისუფლებით, რომელიც ცალ ფეხზეც დადგება, ქედსაც მოიხრის და თუ საჭირო გახდა, ამ საომარ პროცესებშიც ჩაერთვება," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის პირველი პირები განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ "ქართული ოცნება" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" და "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონებს არ გააუქმებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერენ.

"გაერთიანდა ოპოზიცია და იმ პლატფორმაზე დადგა, რომლისთვისაც საქართველოში სტაბილურობის თემა არის მიუღებელი, ვინაიდან ეს გაცილებით დიდ ამოცანას და დიდ მიზანს ემსახურება - როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს იმ ხელისუფლებით, რომელიც ცალ ფეხზეც დადგება, ქედსაც მოიხრის და თუ საჭირო გახდა, ამ საომარ პროცესებშიც ჩაერთვება. ეს პოლიტიკას უკავშირდება და არანაირად არ არის ჩვენთვის მისაღები ის, რომ ეროვნული ინტერესისა და ეროვნული სტაბილურობის საკითხი ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით იყოს დაშვებული, ეს პირდაპირ უპირისპირდება არამარტო ჩვენს თვითმყოფადობას, არამედ იმ სტაბილურობას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში მივაღწიეთ. კანონი გამჭვირვალობის შესახებ სწორედ ის არის, რაც საფრანგეთმა მიიღო ახლახან და შეუდარებლად მკაცრია," - აცხადებს ვოლსკი.