ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მეთაურად მოვიდა ადამიანი, რომელიც წინასწარ აცხადებს, რომ ომის ვითარება არა ერთ სახელმწიფოს, არამედ ყველა სახელმწიფოს, კაცობრიობას ქვესკნელისკენ გააქანებს. ამის განცდა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც მხარი დაუჭირა ამერიკელმა ხალხმა დონალდ ტრამპს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მუშაობა გაგრძელდება დემოკრატებთანაც ორმხრივი პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
„ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მუშაობას არ გავაგრძელებთ დემოკრატებთან, რათა ორმხრივი პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ. რასაკვირველია, ეს ჩვენი მიზანია. ჩვენ, საქართველოს, პატარა ქვეყანას არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, რომელიც ეჭვს შეიტანს მის საგარეო კურსთან დაკავშირებით და ზოგადად, მის ერთგულებასთან დაკავშირებით საერთო საკაცობრიო პრობლემების მიმართ სწორი ხედვის რაკურსთან. რასაკვირველია, ჩვენი ერთგულება არის უცვლელი ამ პრინციპების მიმართ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია სწორედაც მთელ კაცობრიობას გადაარჩენს ქვესკნელისგან, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწა, თუ კი ეს ომი გაგრძელდება და მით უმეტეს, გაფართოვდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე განცხადებით, უნდა მოხდეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა.
„ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის თემაზე ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით. ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია ომის პროცესის, დედამიწის და კაცობრიობის დაქვესკნელების ამ წინაპირობის შეჩერება. ჩვენ ადრეც ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ, რომ ურთიერთობების გადატვირთა უნდა მოხდეს. პატარა სახელმწიფო საქართველო, თავისი მცირე რესურსებით, არასდროს გვერდით არ გადგომია საერთო საკაცობრიო პრობლემებს და ყოველთვის იყო ერთგული პარტნიორი ყველასათვის, ვინც ამ იდეალებისთვის იბრძოდა. რასაკვირველია, აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნორმალურ კალაპოტში ჩაჯდება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.