პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდა და სალომე ზურაბიშვილის განცხადება არსებულ რეალობასთან შეუსაბამოა.
„ეს იგივე თაღლითური და თვალთმაქცური ტაქტიკაა, რომელიც არის, მაგალითად, ახალდაქორწინებულების აქციაზე მისვლა, პოლიციელებისთვის ვითომ ყვავილების ჩუქება, რაღაც მხიარული თამაშების მოგონება. არქივს თუ გადახედავთ, ზუსტად ასე იწყება მაიდნის ორგანიზება. ბევრი ჩვენი ახალგაზრდა არ არის გაცნობიერებული ამ ტაქტიკაში, შეიძლება, გულწრფელად არიან აყოლილebი ამ გეგმას, მაგრამ ფაქტია, რომ ამოცანა სისხლის დაღვრაა. სალომე ზურაბიშვილის განცხადება, ვითომდა კორექტული, ვითომდა კონსტრუქციული, ღაღადებს აბსოლუტურ, წარმოუდგენელ შეუსაბამობას კანონთანაც და იმ რეალობასთან, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. საქართველო წელში გამართული ქვეყანაა, დემოკრატიული და განვითარებული ინსტიტუტებით. ამას რევიზია არ სჭირდება. რევიზია უკვე მოხდა და ამ რევიზიამ დაადასტურა, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტითაა ჩატარებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აგრესიით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, მაშინ როდესაც „მოლოტოვის კოქტეილების“ გამომყენებელი არათუ შეიწყალა, არამედ გმირად გამოაცხადა.
„ერთ-ერთ ტელევიზიაში მოვუსმინე ერთი ექსპერტის გამოსვლას, რომელმაც თქვა, რომ სკუნსის თვისებები თუ გაქვს, რაც უნდა ფრანგული სუნამო დაისხა, მაინც, ასე თუ ისე, ოდესმე სკუნსის სურნელი იქნება იმ ოთახში, სადაც შენ იმყოფები. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით დღეს ზუსტად ეს ვითარება გვაქვს. როგორ შეიძლება, ადამიანი ამბობდეს, რომ აგრესიით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, როდესაც თავადაც ხედავს, რომ „მოლოტოვის კოქტეილები“ არის თემა, რომელიც ერთ პერიოდში იყო ძალიან პოპულარული და მისი გამომყენებელი არათუ შეიწყალა, არამედ გმირად გამოაცხადა. როგორ შეიძლება, აგრესიაზე ლაპარაკობდეს ეს ადამიანი ან ნებისმიერი ადამიანი, ვინც დღეს დგას და თავის თავს ოპოზიციის ლიდერს უწოდებს? სად არის ძალადობა? ის, რომ პოლიცია ზომებს იღებს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ არსებობენ კიდევ ადამიანები, იმ რამდენიმე ასეული ადამიანის გარდა, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობენ, აქვთ პრობლემები, ამ ქალაქში აქვთ ყოველდღიური ცხოვრების რიტმის აუცილებლობა და აქვთ ის სიხარული, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს. ყოველდღიური ცხოვრების რიტმის ჩასაშლელად გამოდიან ადამიანები და წარმოუდგენელი აგრესიით გამოირჩევიან. ბევრი მათგანი შეცდომაშია შეყვანილი და ბევრი მათგანი არის სწორედ ის ჯგუფი, რომელიც ხასიათდება იმ აგრესიით, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:„ორხელისუფლებიანობის პირობებში ქვეყანას ემუქრება დესტაბილიზაცია, რასაც ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების პროპაგანდა“.