იმედი გვაქვს, სააკაშვილი და მისი თანამზრახველები საბოლოოდ აუცილებლად დაისჯებიან იმ ღალატისთვის, რომელიც მათ 2008 წელს ჩაიდინეს და რაც ჩვენი ისტორიული რეგიონის ოკუპაციით, 500- მდე ადამიანის დაღუპვით და 30 ათასი ადამიანის დევნილობით დასრულდა. - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, რა მასშტაბის კოორდინაცია მოქმედებს იმისათვის, რომ ციხიდან განთავისუფლდეს კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი.
"ამ კოორდინაციაში ჩართულნი არიან ამერიკის ხელისუფლება, ევროპარლამენტი რამდენიმე ასეული დეპუტატით, უკრაინისა და მოლდოვას ხელისუფლებები, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და არაერთი სხვა სუბიექტები, რომლებიც საბოლოოდ ერთი ხელიდან იმართება.
საინტერესოა, რატომ იცავენ ისინი სააკაშვილს და რატომ ცდილობენ მის გათავისუფლებას. გასაგებია, რომ სააკაშვილი აგენტია, რომლიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში, ამერიკული აგენტურა მოიყვანა ხელისუფლებაში და ამერიკელების ყველა დავალებას პირნათლად ასრულებდა: დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი, გადაავსო ციხეები, აწამებდა პატიმრებს, მუდმივი რეკეტისა და შიშის ქვეშ ჰყავდა ბიზნესი, მიიტაცა ტელევიზიები, გაასხვისა სტრატეგიული ობიექტები, დავით გარეჯი და ა.შ
თუმცა, მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი სააკაშვილს იცავენ და მის გათავისუფლებას ცდილობენ, მაინც მის მიერ შესრულებული მთავარი დავალებაა. ამერიკელებისთვის ყველაზე ფასეული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირება, რომელმაც რუსეთის ეკონომიკასა და საერთაშორისო იმიჯს პირველი სერიოზული დარტყმა მიაყენა და რუსეთსა და ევროპას შორის სერიოზული ბარიერი შექმნა.
მართალია, სააკაშვილმა ეს ამერიკელების დავალება უნიჭოდ და სერიოზული ხარვეზებით შეასრულა, მაგრამ ამერიკელებმა პროგრამა მინიმუმს მაინც მიაღწიეს, რასაც ისინი სააკაშვილს, ბუნებრივია, სათანადოდ უფასებენ. ამ დროს თვალს ხუჭავენ იმ მილიარდებზე, რომელიც სააკაშვილმა ამ ომით მიითვისა. საბოლოოდ, 2008 წლის ომს არაპროვოცირებული ვერ დაერქვა და მეტიც, სააკაშვილს ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, იმის აღიარება მოუწია, რომ ომი თავად დაიწყო და სახალხოდ, ტელევიზიითაც დიდი სიამაყით ამცნო საქართველოს მოსახლეობას თავისი „საამაყო“ (ბრჭყალებში) დანაშაული. თუმცა, ყველაფერი ამის მიუხედავად, სააკაშვილი მაშინ ზუსტად ისევე გამოაცხადეს მსოფლიო გმირად, როგორც ზელენსკი ჰყავთ დღეს გამოცხადებული. ისიც უნდა ითქვას, რომ არაჟნების სპეცოპერაცია წარმატებით რომ განხორციელებულიყო, დღეს ამერიკელებს ერთდროულად ორი მსოფლიო გმირი ეყოლებოდა, რომლებიც რუსეთს ორი ფრონტით დაუპირისპირდებოდნენ.
ჩვენს მიერ არაერთხელ გაჟღერდა მოთხოვნა, 2008 წლის ომის გამოძიების შესახებ. თუმცა, ვფიქრობთ, მასშტაბური კოორდინაცია, რომელიც სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებს, ყველაფერს სრულად მოჰფენს ნათელს. სააკაშვილს საკუთარი პატრონები 2008 წლის ომს უმადლიან და მას სწორედ ამ მთავარი დამსახურების გამო იცავენ. ვხედავთ, რომ ამერიკელების შიშით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე მაინც ვერ ახერხებს სახელმწიფოს ინტერესების სრულად დაცვას და საგამოძიებო კომისიის შექმნისგან ისევ თავს იკავებს. სანამდე? თუმცა, სააკაშვილის გარშემო განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ომთან დაკავშირებით გამოსაძიებელიც კი აღარაფერია, რადგან ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელია.
იმედი გვაქვს, სააკაშვილი და მისი თანამზრახველები საბოლოოდ აუცილებლად დაისჯებიან იმ ღალატისთვის, რომელიც მათ 2008 წელს ჩაიდინეს და რაც ჩვენი ისტორიული რეგიონის ოკუპაციით, 500- მდე ადამიანის დაღუპვით და 30 ათასი ადამიანის დევნილობით დასრულდა.
და ბოლოს, ეს იყო ისეთი ღალატი, რომლის მსგავსი ბოლო რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში საქართველოსთვის თავისი შედეგებით არავის არ მიუყენებია.