როგორც ჩანს, რუსული კანონის ნაცვლად გადაწყვიტეს, რომ ანტიკორუფციული ბიურო აამოქმედონ და იგივე ფუნქცია შესძინონ რაც უნდა გაეკეთებინა „აგენტების შესახებ კანონს“, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ახლა რასაც ვხედავთ, ეს ცვლილება განაპირობა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციამ, რომელიც პირდაპირ უკავშირებს ამ რეპრესიას არჩევნების ჩატარების ნორმალურ წინაპირობებს. როგორც ჩანს იგრძნეს საფრთხე, რომელიც ახლავს ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას. თუ არჩევნების პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ აძლევ საშუალებას ნორმალურად იმუშაონ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, ბუნებრივია, ამ არჩევნებს არ შეაფასებენ დადებითად. ეს უკან დახევა ტაქტიკურად სწორი ნაბიჯია, უბრალოდ გვარწმუნებს კიდევ ერთხელ, რომ არცერთი ინსტიტუცია არ არის თავისუფალი საქართველოში. დღეს ერთ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ხვალ მეორეს. ვხედავთ, რომ რეპრესიული მანქანაა სახელმწიფოს ხელში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას განცხადებით, არჩევნების წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეაჩერებენ და ამას ხელისუფლების კეთილ ნებას დაუკავშირებენ.

„მე მგონია, რომ არჩევნების წინ გამოაცხადებენ და შეაჩერებენ ამ კანონის მოქმედებას. ამას დაუკავშირებენ ხელისუფლების კეთილ ნებას და მგონია, რომ ამიტომაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ აცხადებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.