ამომრჩევლის 25 პროცენტი რჩება ყოყმანის და ფიქრის რეჟიმში - შეიძლება გიორგი გახარიასთან ერთად მსხვილი გაერთიანება იყოს ის, რომელიც მოიცავს ამ ტიპის ამომრჩეველსაც, აქ არის ახლა საჭირო მუშაობა , - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
„არის ორი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც იმედოვნებს, რომ არ აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა. შეიძლება, კიდევ გავხდეთ პოლიტიკური გამსხვილების მომსწრენი. 1-ელ აგვისტომდე ყველა პარტიას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ ვისთან ერთად იქნება არჩევნებზე. ბოლო კვლევებით გამოჩნდა ის, რომ ამომრჩევლების 20-25 პროცენტი არც ერთ კონფიგურაციას არ აძლევს ხმას. რაღაც სხვა სჭირდებათ, სხვა რამეს ელოდებიან. ამომრჩევლის 25 პროცენტი რჩება ყოყმანის და ფიქრის რეჟიმში, ამოცანა სწორედ ის არის, რომ ვინ შეიძლება იყოს მათ გემოვნებასთან ახლოს. ეს ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ მიერ დაკარგული ხმაა და არა „ნაციონალური მოძრაობის“. შეიძლება გიორგი გახარიასთან ერთად მსხვილი გაერთიანება იყოს ის, რომელიც მოიცავს ამ ტიპის ამომრჩეველსაც, აქ არის ახლა საჭირო მუშაობა. ჩემი აზრით, საინტერესო იქნება ამ ცენტრში , საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდა თაობა , აქციების მონაწილეები და ლიდერები, „ქართული ოცნების“ ყოფილი სახეები“, - განაცხადა ბესელიამ.