აგენტების რესურსი, როგორც ჩანს, ჯერ ამოწურული არ არის და დავალებების მიმცემლებს სურვილი აქვთ, აგენტის შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენონ და შემდეგ კი, როგორც აგენტს სჩვევია, ადგილს მიუჩენენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„როგორც ეტყობა, გახარიას მაგალითიც ასეთია – საჯამაგირო პროგრამა ისე აქვთ გაწერილი, რომ გახარიამ უსამშობლო აგენტის ფუნქცია ბოლომდე შეასრულოს და ბოლომდე მოემსახუროს დავალებების მიმცემლებს.
რა თქმა უნდა, აქ კორუფციის ნათელი და აშკარა შემთხვევაა, როგორ ხდება აგენტის გამოყენება ისევ ისე, როგორც ეს სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში მოხდა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა.








