მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა კუთხით ხდება აშშ-ში „ფარას“ გამკაცრება, რადგან ამ კუთხით, საინტერესო იქნება ქართული კანონმდებლობის დახვეწა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არის ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობა, სადაც საქართველო და ქართველი ხალხი დაბალ ღობედ იქნება გამოყვანილი.

„სრულ აბსურდის თეატრია. ის, რაც კარგია შეერთებულ შტატებში, არის კარგი საქართველოში. ის, რაც ზოგადად კარგია დემოკრატიისთვის, არის სასარგებლო ქართული დემოკრატიისთვის.ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული კონგრესმენები, აქ ევროკავშირის ელჩი და ამით დაინტერესებული სხვა პირები აკრიტიკებენ საქართველოში მიღებულ ამერიკული კანონის ანალოგიას. ზუსტად იგივე პირები, მაგალითად, შეერთებულ შტატებში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, იქ მოქმედი კანონის გამკაცრებას ითხოვენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ თუ რა კუთხით ხდება ეს გამკაცრება შეერთებულ შტატებში, რადგან ამ კუთხით საინტერესო იქნება ასევე ქართული კანონმდებლობის დახვეწა. ვნახოთ, რა შედეგამდე მივა ეს პროცესი.

როდესაც ჰერჩინსკი აკრიტიკებს ქართული „ფარას“ კანონმდებლობას, საინტერესოა რატომ არ აკრიტიკებს ამერიკული „ფარას“ კანონმდებლობას. თუკი ამერიკის და ევროკავშირის კანონმდებლობა ერთმანეთთან შესაბამისია და ძალიან აქტიურად თანამშრომლობს აშშ და ევროკავშირი, მაშინ რატომ არის შეუსაბამო ქართული „ფარას“ კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ბუნებრივია, აქ არის აბსურდი. ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზები და კიდევ ერთხელ, ცალსახად დასანახი მცდელობა, რაღაც ვირტუალური რეალობის შექმნის, სადაც საქართველო იქნება რაღაც დაბალ ღობე და ქართველი ხალხი დაბალ ღობედ გამოყვანილი. ცხადია, ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.