ყველა ის პირი, ვინც ხელი ასწია საკუთარ ქვეყანაზე, შეეცადა ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებას, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს და ხალხის წინაშე პასუხს აგებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
„4 ოქტომბრამდე, არჩევნებამდე პირდაპირ, ღიად საუბრობდნენ, ამბობდნენ იმას, თუ როგორ გეგმავენ ხელისუფლების დამხობას. სინამდვილეში ამ ადამიანებმა მოახდინეს თვითდამხობა. საკუთარი მომავალი პრაქტიკულად დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგანაც ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მიმართ სახელმწიფო იქნება შეუვალი და ამის შესახებ ხელისუფლება აფრთხილებდა ყველას. ყველა ის პირი, ვინც ხელი ასწია საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ საზოგადოებაზე სამართალდამცავ ორგანოებზე, შეეცადა ხელისუფლების უკანონოდ, ძალადობრივად ხელში ჩაგდებას, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს და ხალხის წინაშე პასუხს აგებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, შსს-მ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა
შეგახსენებთ, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ გადაინაცვლეს აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდა 14 პოლიციელი. ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს








