"ბომბების წვიმას, რუსეთთან კონფრონტაციას, ქართველი ხალხის დაღუპვას ითხოვდნენ ეს ძალები," - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.
"ამ ძალებმა, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, იმდენად დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას, რომ გასაკვირი იმაში, რომ სისხლის სამართლებრივ ჭრილში იყოს მოთხოვნა ამ ადამიანების მიმართ პასუხის გაცემისა, ნამდვილად არაფერი არ არის. დანარჩენი უკვე სასამართლოში გამოჩნდება და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ საქმე ეხება საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობის დაფინანსების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდების ფაქტებს. გამოძიება საუბრობს უცხო ქვეყნისთვის ინფორმაციის და დოკუმენტური მასალების მიწოდებაზე. მოწოდებებზე რევოლუციის, დამხობის და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირებისკენ. საუბარია სხვადასხვა პერიოდზე, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ და 2024 წლის არჩევნების მერე განვითარებულ მოვლენებზე. ოპოზიციის რვა წარმომადგენელს ბრალი სხვადასხვა მუხლით წარედგინება.








