საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა საფუძვლიანად გავაჯანსაღოთ. დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყნის მართვისთვის ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იბრძოდნენ და ისინი, გარკვეული პერიოდულობით, ხელისუფლებაში ერთმანეთს ანაცვლებდნენ. ვიდრე ოპოზიცია დამნაშავეთა ერთიანობას ეწოდება, საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასოდეს ჩამოყალიბდება. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"დღეს ჩვენ გორში ვიმყოფებით, ქალაქში, რომელიც 1000 წელია საქართველოს ძლიერების ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ მტკიცედ დგას! ქართველების ენით აღუწერელი გმირობის კიდევ ერთი, გასაოცარი ისტორია სწორედ აქ, სოფელ შინდისთან დაიწერა, ისტორია, რომელიც გვახსენებს, თუ როგორი თავდადებით შეუძლია ქართველს საკუთარი სამშობლოს დაცვა! ეს ქალაქი და მთლიანად, შიდა ქართლი 2008 წლის ომის ქარტეხილის მომსწრეა. დღესაც, 12 წლის შემდეგ, კვლავ აქ ვდგავარ და სამწუხაროდ, ისევ იმ გამოუსწორებელ შედეგებზე მიწევს ლაპარაკი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ ქვეყანას დაატეხა თავს. იმ ავბედითი მოვლენებიდან უკვე 16 წელი გავიდა, თუმცა, მაშინ მოყენებული ჭრილობა ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა. თქვენ საკუთარ თავზე ყველაზე მძაფრად გამოცადეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ხელისუფლების ღალატმა - ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ათობით ათასი ადამიანი და ასობით ქართველის შეწირული სიცოცხლე - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მემკვიდრეობაა.
საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე ისეთი დანაშაულის ჩამდენ ძალას, რომელიც დღესაც ქვეყანას ომისკენ ექაჩება, ძალაუფლების დაბრუნების თეორიული შესაძლებლობაც კი არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი მემკვიდრე პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ ყველა იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი ღალატისთვის" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.