ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებაა! ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომწიფდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გახდება აუცილებელი. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასაც შეუქმნის დაბრკოლებას. იმისათვის, რომ საქართველოს გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, „ქართულმა ოცნებამ“ მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ჩემს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შევეხე, თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე. ცხადია, ჩვენი მიზანი მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება არ არის. მეტიც, არცერთ გოჯ მიწას არავითარი ფასი არა აქვს იქ მცხოვრები ადამიანების გარეშე. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ოსი დებისა და ძმების დაბრუნებაა. მთავარი იდეა იმ ურთიერთობების აღდგენაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადუღაბებდა საქართველოს მთლიანობას.
2012 წელს, როდესაც თქვენთან ერთად ვემზადებოდი კრიმინალური რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად, თქვენ წინაშე, ამ ქალაქში ვრცლად ვისაუბრე სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ პროვოცირებული ომის შესახებ და მინდა, ჩემი 12 წლის წინანდელი გამოსვლიდან მცირე ამონარიდი გავიხსენო. 2012 წლის 15 ივლისს მე გითხარით შემდეგი:
„გულით თუ გვინდა, რომ ამ ჭრილობამ, ბოლოსდაბოლოს, პირი შეიკრას, ჯერ ჩვენ შევკრათ პირი დღეს აქ. ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებას. ჩვენ შევძლებთ არამარტო პატიებას, ჩვენ ჩვენი ბრალის აღიარების და მონანიების ძალაც შეგვწევს. ჩვენ ქართველ დედებს კიდევ ერთხელ მოვუხდით ბოდიშს, ჩვენ „ვეფხისა და მოყმის“ შემქმნელი ხალხი ვართ, ჩვენ სამძიმარს ვეტყვით ოს დედებს, დავეხმარებით მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას, გამოვასწორებთ რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. მომავალშიც, ჩვენ მხოლოდ გზას დავულოცავთ ქართულ-ოსურ ოჯახს, რომელიც ყოველთვის ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავი იყო აქ, ამ მხარეში. ჩვენ, ქართველებმა და ოსებმა, ერთად უნდა შევძლოთ ურთიერთობის აღდგენა, რადგან ამდენი რამ გვაკავშირებს და გვაახლოებს ერთმანეთთან. ჩვენ გამოვნახავთ მისადგომს ჩვენს დებთან და ძმებთან, ოსებთან. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ მათთან ურთიერთობას“.
თქვენ წინაშე ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ 12 წელი გავიდა. სწორედ ეს დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, საფუძვლიანად გამოგვერკვია ყველაფერი და 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა. დღეს უკვე ხმამაღლა, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რამეთუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი. ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ ეს ყველაფერი იყო გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ერთიანობის გახლეჩა, ურთიერთობების განადგურება და დაუსრულებელი, ხელოვნური დაპირისპირების პირობებში არსებობა იყო. არსებობა და არა თანაცხოვრება, რადგან ჩვენი ქვეყნის მტრებმა მიზნად სწორედ ამ მოცემულობის შექმნა დაისახეს, რაც, სამწუხაროდ, წარმატებით შეასრულა პასპორტით ქართველმა, საზრისით და სულით კი უსამშობლო აგენტურამ.
დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიუნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.
26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება.
საქართველოს გულში მცხოვრებო ჩემო თანამოქალაქეებო, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა მოვიხადოთ ვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი მიზანი არა წარსულში დაბრუნება, უსიტყვო მორჩილება და ომი, არამედ მომავლის შენება და განვითარებაა!
მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დაწყებული გზა ოს ხალხთან შერიგებით გავაგრძელოთ და ყველა ერთად გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები - მხოლოდ მშვიდობითა და კეთილდღეობით.
გაუმარჯოს ქართლელებს! გაუმარჯოს ჩვენს ოს დებსა და ძმებს! გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.