საქართველო და მართლმადიდებლობა ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად დაღვრილი სისხლით წერდნენ ისტორიას, მომავალ თაობებს უნარჩუნებდნენ იმ ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებმაც საქართველოს ევროპული იდენტობა შემოუნახა. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ქრისტიანული სარწმუნოება, მამულთან და ენასთან ერთად, ქართული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელიც განსაკუთრებულ მოფრთხილებასა და დაცვას საჭიროებს. გასაკვირი არაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრების განსაკუთრებული სამიზნე სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, მივიღებთ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენად გამოცხადდება -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.