ჩემი, როგორც მინისტრის უფლება გამოვიყენე და სიაში შევიყვანეთ 13 პირი, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობაში დამნაშავედ მივიჩნიეთ, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.

„13 პირი, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობაში დამნაშავედ მივიჩნიეთ, სიაში შევიყვანეთ, რის გამოც ისინი ლატვიაში შესვლა ვერ შეძლებენ. ეს არის ჩემი, როგორც მინისტრის პრივილეგია და უფლება. მე ეს გამოვიყენე ლატვიის კანონმდებლობის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის სანქციებზე გადავალთ, რადგან ადამიანის უფლებათა გლობალური მექანიზმები და ევროკავშირი ითვალისწინებს ამის შესაძლებლობას.

ჩვენს ყველა საჯარო განცხადებაში პირდაპირ ვამბობდით, რომ ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო. ლატვიამ დიდი ძალისხმევა ჩადო ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდასაჭერად, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური და ინტეგრაციული მხარდაჭერის თვალსაზრისით. სხვადასხვა ინსტიტუტებში საქართველოსთან დაკავშირებულ საქმეებზე პასუხისმგებელი პირები დავნიშნეთ. ეს ძალიან სამწუხაროა. მიმაჩნია, რომ ქართველებს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ერს, აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი მომავალი. მათ ნათლად გამოხატეს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი“, – განაცხადა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლიეტუვამ და ესტონეთმა საქართველოს მოქალაქეებს ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობის გამო სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შემდეგ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

თარგმანი: პირველი არხი