გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მამუკა ხაზარაძეს საერთოდ არაფერი არ გადაუხდია, კონსორციუმმა გადაიხადა არბიტრაჟის მოსაკრებლის ფული, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა ათეულობით მილიონი ლარი იურიდიულ მომსახურებაზე და ამაზე სიტყვას არ ამბობს. ეს ფული საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ დღეს, ახლა ანაკლიის პორტი მუშაობდეს გამართულად. ამიტომ ახლა ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ხრიკი, რომ ამაზე მთელი დღე იყოს საუბარი, არარსებულ თემაზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეკითხვაზე, უნდა დაეცვა თუ არა სახელმწიფოს რეპუტაცია, როცა საუბარია ინვესტორებზე და უნდა მიღო თუ არა იურიდიული მომსახურება, ბახრი ჯაფარიძემ თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მსოფლიო მასშტაბით რეპუტაცია ნამდვილად ვერ დაიცვა.
შეკითხვაზე, რატომ არ გაასაჩივრეს არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომელსაც არ ეთანხმებიან, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ საჩივრდება. გადაცემის წამყვანმა სტუმარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება შეახსენა, რომ არის შემთხვევები, როდესაც გადაწყვეტილება არ საჩივრდება, თუმცა ამ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, რომ მომხდარიყო გადაწყვეტილების გასაჩივრება, რაზეც ჯაფარიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტრო სპეციალურად ჟონგლიორობს.
წამყვანმა ბადრი ჯაფარიძეს შეახსენა, რომ ისინი ზარალის ანაზღაურებას, ანუ ბიუჯეტისგან ოთხი მილიარდი ლარის გადახდას ითხოვდნენ, რაც ჯაფარიძემ უარყო და თქვა: „არა, ეს არის ტყუილი ციფრი, არ გაიმეოროთ. ეს მცდარია, ტყუილია. იყო გათვლილი და, საბოლოოდ, ეს ციფრი იყო 500 მილიონი დოლარი, რაც არის ღირებულება პროექტის. ეს ტყუილია, ღარიბაშვილი ავრცელებდა მაგას. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ „ქართული ოცნების“ იურისტებთან“.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი არჩევნები არის არა მათი გეგმა, არამედ ქვეყნისთვის გადაუდებელი აუცილებლობა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში სიტყვა სიტყვით წერია, რომ 100 დეპუტატის უფლებამოსილება უნდა იქნეს ცნობილი, რათა პარლამენტი იყოს სრულფასოვანი და იფუნქციონიროს.
„ასი წევრის უფლებამოსილების ცნობა არის აუცილებელი პირობა, დღეს კი გვყავს 89 ადამიანი იქ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.