ჩვენ, ოთხივე სუბიექტი ისევე ურთიერთობაში ვართ, როგორც ვიყავით არჩევნებამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პარტნიორები და ვაგრძელებთ პარტნიორულ ურთიერთობას, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებთ ლევან ცუცქირიძის განცხადებას, რომ „ეს კოალიცია წინასაარჩევნოდ იყო შექმნილი, ახლა ცალ-ცალკე აგრძელებთ მუშაობას, თუმცა საჭირო თუ იქნება, ისევ გაერთიანდებით“, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა:
„რა თქმა უნდა, იმიტომაც ვთქვი, რომ პარტნიორები ვართ, შესაბამისად, ვმოქმედებთ, როგორც პარტნიორები, როგორც კი ახალი არჩევნები ჩაინიშნება, ჩვენ ვიზრუნებთ, ვიყოთ ერთი კოალიციის ქვეშ“.
კიდევ ერთ კითხვაზე, „შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის კოალიცია დაიშალა?“, ჯაფარიძემ განაცხადა:
„არა, ვერ იტყვით მაგას, რადგან ვიყავით და ვართ პარტნიორები. არასდროს ვყოფილვართ ერთი პარტია. ჩვენ ვიყავით კოალიცია და ვრჩებით კოალიციად, ვრჩებით პარტნიორებად“.
პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რომ „თავისუფლების მოედანი“ ვითარდება, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია. „ჩვენ კავშირზე ვართ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, თუმცა „თავისუფლების მოედანი“ საქმიანობას აგრძელებს დამოუკიდებელ პარტიად“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.