მოსწონთ თუ არა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, დღეს ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც დასავლური სამყარო ესაუბრება, სალომე ზურაბიშვილია, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია და, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა.

„დღეს 89 ადამიანი იკრიბება და თავის თავს უწოდებს პარლამენტს. მათ, შეიძლება, სხვადასხვა მაღალფარდოვანი სახელი მოიგონონ, მაგრამ ცხადია, რომ არალეგიტიმური არჩევნების შედეგად ვითომდა არჩეული 89 ადამიანი ვერ იქნება პარლამენტი. ამდენად, ის გადაწყვეტილება, რომელსაც ეს ადამიანები იღებენ, ცხადია, არის ასევე სრულიად უკანონო, არალეგიტიმური. დღეს ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც ესაუბრება დასავლური სამყარო, ესაუბრებიან პრეზიდენტები, არის სალომე ზურაბიშვილი. ეს მოსწონს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ არა, ეს მოცემულობაა, რეალობაა, ფაქტია. მათ შეუძლიათ, ერთმანეთი გაამხნეონ, დანიშნონ ერთმანეთი მინისტრებად, კომიტეტების თავმჯდომარეებად. თუმცა ეს ყველაფერი იქნება „ფეიკი“, რადგან ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და პარლამენტი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.