პაპუაშვილი თუ მისი მსგავსი სპიკერები ენერგიულად ესხმიან თავს ჩვენი სახელმწიფოს უახლოესი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ძალის მიზანი ევროატლანტიკური გზისგან ჩვენი ქვეყნის დაშორებაა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „სასამართლო პროცესზე ელჩების დასწრებას აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება, ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება“.

„საქართველოს უახლოესი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებზე პაპუაშვილის თავდასხმა მეტყველებს, რომ პაპუაშვილის და ამ ძალის ამოცანაა არა იმ დაპირების შესრულება, რომელიც მათ ჰქონდათ, საქართველოს ევროპასთან დაახლოება, არამედ პირიქით, დაშორება ევროპისგან, ევროკავშირისგან, ჩვენი სახელმწიფოს მეგობრებისგან და ჩვენი ქვეყნის რუსულ წიაღში შეყვანა. სწორედ ამას ადასტურებს პაპუაშვილი თუ მისი მსგავსი სპიკერები, რომელთაგანაც ერთი კრიტიკული სიტყვა არ გაგვიგია არც ლავროვთან, არც პუტინთან მიმართებით, მაგრამ ენერგიულად ესხმიან თავს ჩვენი სახელმწიფოს უახლოესი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ძალის და მისი სპიკერების მიზანი არის ჩვენი ქვეყნის დაშორება იმ გზისგან, რასაც ევროატლანტიკური გზა ჰქვია და რისკენაც ჩვენი ხალხი მიისწრაფვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.