ხვალ, მესამე მოსმენით, კენჭი ეყრება პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც, მმართველი გუნდის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" "მემკვიდრე პარტიებს" არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს. 

კანონპროექტის მიხედვით, მცირდება პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადაც.

 ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის უფროსის, ავთანდილ კუნჭულიას განცხადებით,"ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო, ამიტომ ისინი ამ პირობას აუცილებლად შეასრულებენ.

"იმისთვის, რომ ოპოზიციური ველი გაჯანსაღდეს, ნამდვილმა ოპოზიციამ შეძლოს და დაიკავოს ასპარეზი, მნიშვნელოვანია, რომ "ნაციონალური მოძრაობა", მთელი თავისი სატელიტებით, აიკრძალოს, ვინაიდან ისინი მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მათ არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში. ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირებაც და ამ დაპირებას, რა თქმა უნდა, შევასრულებთ", - განაცხადა ავთანდილ კუნჭულიამ.