„ნაციონალურ მოძრაობაში“ რეალურად ერთი გარეცხვაღა არიან დარჩენილები. გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს, არის გზა, რომელიც დღეს გთავაზობს სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„„ნაციონალური მოძრაობა“ არის თბილისში მეხუთე ადგილზე გასული პარტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება რეგიონებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად სჭირდება მუნიციპალურ არჩევნებზე მონაწილეობა, ერთი არჩევნებიღა არიან დარჩენილი. თუკი გამარჯვება იწყება იმის გამო, რომ ნახევრად აგრარული ქვეყანა ვართ, იწყება ურბანული ცენტრებიდან და თუკი დაცემა იწყება, ყველაზე გვიან აღწევს რეგიონებში. ანუ რეალურად ერთი გარეცხვაღა არიან დარჩენილები.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ შეიძლება, არ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სწორ სისტემაში თავს იპოვიან. თიკა ბოკუჩავას შეუძლია, იყოს გამოსადეგი ამ პროცესისთვის, მაგრამ არა იმ თავისი ბელადით, რომელიც ყველაფერს აზიანებს, თუ ყურადღების ცენტრში თვითონ არ არის. არჩევანი უნდა გააკეთოს ყველამ – ცივილიზებულ პოლიტიკასა და პროცესში ყოფნა უნდა, თუ უნდა თავისი ბელადის ახირებებზე ირბინოს. „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ითამაშებს სალომე ზურაბიშვილის მიერ დამკვიდრებული წესებით, მიშა სააკაშვილი თავისით გაქრება. გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს, არის გზა, რომელიც დღეს გთავაზობს სალომე ზურაბიშვილი, სადაც თვითონ იღებს მედიატორის როლს, რომ შექმნას სივრცე ამ გაგანია პოლიტიკური ლიდერშიფის დროს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა ლიდერებმა შევძლოთ ისეთი თანამშრომლობა, რომელიც მოემსახურება ხალხის ინტერესებს და აღადგენს ნდობას ხალხთან“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.