ჩვენ არავის ვემიჯნებით, თუ რამე კარგს გააკეთებენ მზად ვართ იქ ვიყოთ, მაგრამ ისინი თვითონ გვემიჯნებიან. ახლახან იყო უცხოელებთან ჩართვა და იქ ჩვენი წარმომადგენელიც უნდა ყოფილიყო და ვირტუალური შეხვედრიდან ამოშალეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. მიზეზი ჰკითხეთ სალომე ზურაბიშვილს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ  „პალიტრანიუსთან“ „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“ საუბრისას განაცხადა.

„წინა თვეები რისი პლატფორმა იყო? წინააღმდეგობის არ იყო? სალომე ზურაბიშვილი ბოლოს სიტყვით რომ გამოვიდა, არჩევნებზე დაიწყო საუბარი და ლამის დამკვირვებლების მომზადებაზე. რა დამკვირვებლებზე ვსაუბრობთ? რას უნდა დავაკვირდეთ? სპეცოპერაციას როგორ ჩაგვიტარებს სუს-ი მორიგ ჯერზე? მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არავის ვებრძვით აქეთა ფლანგზე. ჩვენ არავის ვემიჯნებით, თუ რამე კარგს გააკეთებენ მზად ვართ იქ ვიყოთ, მაგრამ ისინი თვითონ გვემიჯნებიან. ახლახან იყო უცხოელებთან ჩართვა და იქ ჩვენი წარმომადგენელიც უნდა ყოფილიყო და ვირტუალური შეხვედრიდან ამოშალეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. მიზეზი ჰკითხეთ სალომე ზურაბიშვილს. ეს არის უპასუხისმგებლობა, ძალიან ინფანტილური დამოკიდებულება. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაკვირვებულები არიან“,- განაცხადა ბარამიძემ.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შექმნიდან 5 თვის თავზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და გაირკვა , რომ „თურმე ერთიანობის იდეა შემოგდებული ყოფილა“.

„სალომე ზურაბიშვილისადმი 2018 წლის დამოკიდებულების მიუხედავად გვერდში დავუდექით, მას წარმოედგინა საქართველო, მათ შორის, პოლიტიკური პარტიები და საზღვარგარეთ ჩვენი სათქმელი ეთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ის ამბობდა „არა და არასდროს“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, რატომ კაცმა არ იცის. საბოლოოდ ისიც გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთება არ ყოფილა მიმართული ერთიანობისკენ. 5 თვის თავზე გაირკვა და ჩვენთვის გასაოცარი განცხადება გააკეთა, რომ თურმე ერთიანობის იდეა ყოფილა შემოგდებული“,- განაცხადა ბარამიძემ.