საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა სასამართლო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
მისივე თქმით, ინიციატივა ასევე, ევრორეკომენდაციების საბოტაჟია, რადგან ოპოზიციამ იცის, რომ სასამართლოს დაზიანებით და ამ პროცესის წამოწყებით, ისინი რეკომენდაციების შესრულებას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ეფექტურად შეუშლიან ხელს.
„მე ყურადღებით გავეცანი განმარტებით ბარათს, რომელიც ამ ინიციატივას ახლავს და პირდაპირ და პრინციპულად უნდა ითქვას, რომ ეს ინიციატივა არა სასამართლოს დამოუკიდებლობით და თავისუფლებით დაინტერესებული ოპოზიციის ნაბიჯია, არამედ რეალურად, ეს ინიციატივა არის სასამართლო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, ევრორეკომენდაციების საბოტაჟი, ვინაიდან ახლა, როდესაც ევრორეკომენდაციების შესრულება მიმდინარეობს და მისი მთავარი ნაწილი სწორედ სასამართლო რეფორმებია, ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, რომ სასამართლოს დაზიანებით და ამ პროცესის წამოწყებით ისინი ეფექტურად შეუშლიან ხელს რეკომენდაციების შესრულებას და მაშასადამე, ხელს შეუშლიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას. მესამე - ეს ინიციატივა არის მოსამართლეებზე შურისძიების მორიგი მცდელობა. რადიკალური ოპოზიცია ვერანაირად ვერ ეგუება იმას, რომ მათი ხელისუფლების დროს დანიშნულმა და შემდგომში ჩვენი ხელისუფლების დროს დანიშნულმა მოსამართლეებმა არა ერთხელ და რეალურ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაასამართლეს მათი ყოფილი პოლიტიკური ლიდერები,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.