მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასკოლო ჩანთის წონა უნდა შევამციროთ და ამ კუთხით ახალი სასწავლო წლისთვის პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწავლების პროცესი, მისი ხარისხი, გარემო, სადაც ბავშვების სწავლობენ, არამედ, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. უნდა ვაღიაროთ, რომ სასკოლო ჩანთა საკმაოდ მძიმეა. ამიტომ, ამ საკითხზეც გავამახვილეთ ყურადღება და მივიღეთ გადაწყვეტილება, შემოვიღოთ სემესტრული სახელმძღვანელოები, რაც, სულ მცირე, წონას გაანახევრებს. ოღონდ, ეს შეეხება ყველა ახალ სახელმძღვანელოს, თუმცა, ახალი სასწავლო წლისთვის შემუშავებული რიგი ახალი სახელმძღვანელოები იმდენად მოცულობითია, რომ ორ ნაწილად მის გაყოფას არსებითი შემსუბუქების ეფექტი ვერ ექნებოდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სამ და ოთხ ნაწილადაც კი დაგვეყო. შესაბამისად, როდესაც კონკრეტული პროგრამის ნაწილი ამოიწურება, წინსწრებით, უკვე მოხდება ახალი წიგნების მიწოდება ბავშვებისთვის სასკოლო პროცესის განმავლობაში. ყველა ახალი სახელმძღვანელო აუცილებლად ამ პრინციპს დაექვემდებარება, სულ მცირე, თითო საგანში წელიწადში ორი სახელმძღვანელო ექნებათ მოსწავლეებს. ანუ, ერთი პირველ სემესტრში და მეორე – მეორეში, თუმცა, სადაც საჭიროებაა, სამად ან ოთხად დავყოთ, ამასაც უზრუნველვყოფთ, რადგან ბავშვის საუკეთესო ინტერესი არის ჩვენი ამოსავალი პრინციპი“, – განაცხადა მიქანაძემ.