„ოპოზიციის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის ფარგლებში დაბარებული ჰყავდათ არა კონკრეტული პასუხების მოსასმენად არამედ, იმისთვის რომ ესაუბრათ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ამიტომ, ჩვენ, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება. თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებაზე ფიზიკურად ძალადობდა როცა ატერორებდნენ ხალხს და ახლა ოპოზიციიდან აგრძელებენ ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიურ ტერორს.
„შეიძლება ჩემპიონის პრიზი აიღოთ იმდენი ბრიფინგი გაქვთ ჩატარებული, მე მინდა ვკითხო ოპოზიციონერ დეპუტატებს - რატომ არ შეიკრიბეთ დაუყოვნებლივ, როდესაც საჯაროდ, პარლამენტის წევრზე მუხანათური თავდასხმა განხორციელდა, რამ შეგიშალათ ხელი? რატომ არ თქვით, რომ ეს არის დაუშვებელი, ეს არის კრიმინალი, ეს არის დანაშაული და არ შეიძლება ამის წახალისება. ჩვენ ვხედავდით ცალკეული თქვენგანის მოღიმარ სახეებს და გახარებულები იყავით, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგის მიმართ იკადრა. ამიტომ თქვენ ხართ ძალადობრივი რეჟიმის მხარდამჭერები და ამ ყველაფრის წამხალისებელი. თქვენ შეგეძლოთ პრევენცია მოგეხდინათ რომ გარეთ, მომიტინგეებთანაც მსგავსი რამ არ განხორციელებულიყო, მაგრამ თქვენ გინდოდათ, რომ მშვიდობიან მომიტინგეებში მუხტი გაჩენილიყო, ამიტომ თქვენ ეს მიზანმიმართულად არ გააკეთეთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით აქციის მიმდინარეობისას, მომიტინგეების ცალკეული ჯგუფი ცდილობდა პოლიციელების გატაცებას, რაც ფაქტებით არის დაფიქსირებული.
„პირველი, ვინც კი შევიდა პოლიციასთან კონტაქტში, ეს იყო ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას. ადგილი ჰქონდა პოლიციელების გამოყვანის მცდელობას, ე.წ. პოლიციელების გატაცებას. თქვენ იხილეთ არა ერთი კადრი, როდესაც ბლაგვი საგანი პოლიციელს პირდაპირ სახეში ხვდება. რატომ არ გამოხვედით და რატომ არ თქვით, რომ დაუშვებელია პოლიციაზე ძალადობა. თქვენი პერსპექტივიდან სამარცხვინო საქციელის ჩამდენი ელისაშვილი იყო „გმირი“ ამასთანავე, პოლიციელების შეურაცხყოფა და მათი გატაცების მცდელობა იყო თქვენგან ტოლერირებული. ამიტომ ყველა ის ხალხი, ვინც ეს არ დაგმეთ ხართ ძალადობრივი რეჟიმის მხარდამჭერები და სააკაშვილის მოკავშირეები. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდით „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი პირის შეწყალებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია პრეზიდენტისგან ითხოვდა შეეწყალებინა ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებული ადამიანი, რომელმაც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა სცადა.
„თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც საშუალების შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებას განსხვავებული აზრის გამო „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრით. ამის უპირობო გამკეთებლები ხართ ყველა, იმიტომ, რომ თქვენ ხართ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. ოჯახური ძალადობის დანაშაულისთვის მსჯავრდებული ახალგაზრდა, რომელმაც მამა დაჭრა, შემდგომ დააზიანა კუთვნილი ავტომანქანა, ამის შემდგომ გამოვიდა რუსთაველზე „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა და ამ ადამიანის შეწყალებას უჭერთ მხარს და ტაშს უკრავთ. სად არის აქ ევროპელობა და სად არის აქ სიმართლე, კანონის უზენაესობა. თქვენ ხართ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.