ამ ქვეყანაში თუ ვინმემ გააკეთა ევროპული საქმე, ეს არის „ქართული ოცნება“, რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს მორალური უფლება არ აქვთ, საზოგადოებას ესაუბრონ, თითქოს თავად არიან ევროპული და ჩვენ – არა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილმა ისაუბრა ნაბიჯებზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა.
„„ქართული ოცნების“ გუნდმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შეძლო, უზრუნველყო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების შეთანხმების მოპოვება. ეს ყველაფერი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს არ გაუკეთებიათ. რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა რა გააკეთეს, გავიხსენოთ. ეს არის ხალხი, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას ქართველ ჯარისკაცებს აბრალებდა, მათ რეზოლუციას მოაწერეს ხელი; სწორედ ამ ხალხმა აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მოაწერა ხელი; ამ ადამიანებს მინისტრად ჰყავდათ კაცი, რომელიც რუსულ წარმოშობასთან უფრო აიგივებდა თავს, ვიდრე ქართულთან; ეს არის ხალხი, რომელიც ოკუპანტ ქვეყანას კრემლში სტუმრობდა და, დიდი ალბათობით, საკუთარ ბიზნესს რუსეთში აწარმოებს. ამ ხალხს არავითარი მორალური უფლება არ აქვს, საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას მაღალი სტანდარტით ესაუბროს, თითქოს თავად არიან ევროპული და ჩვენ – არა. ამ ქვეყანაში თუ ვინმემ გააკეთა ევროპული საქმე, ეს არის „ქართული ოცნება““, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.