შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემა "ღამის კურიერში", უწყებაში ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ ისაუბრა, რომლის ფუნქციაც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კომუნიკაციებისა და აგრესიის გაკონტროლება და მასზე შესაბამის სამართლებრივი რეაგირება იქნება.
როგორც დარახველიძემ განაცხადა, ახალი სამმართველო ფუნქციონირებას უკვე პირველი ივნისიდან შეძლებს.
"არასწორი ინფორმაცია გავრცელდა საზოგადოებაში. ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო უნდა ფუნქციონირებდეს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ და ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად უნდა შეიქმნას, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენა და მასზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო უკვე პირველი ივნისიდან შეძლებს სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება. მთავარია აღინიშნოს, რომ ეს სამმართველო იმუშავებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე წლებია მოქმედებს საქართველოში.
ის გამოავლენს თითოეულ იმ შემთხვევას, სადაც ხდება სიძულვილის ენის გამოყენება, სადაც ხდება კონკრეტული ადამიანების ღირსების შელახვა და ეს ჯდება კანონით აკრძალულ ქმედებაში, შესაბამისად, ისინი პროაქტიურად დაამონიტორინგებენ ასეთ შემთხვევებს და მიმართავენ სასამართლოს, რომელიც თითოეულ შემთხვევაზე ინდივიდუალურად მოხდეს მსჯელობა", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.








