როდესაც ადამიანი თავის მოსაზრებას და აზრს აფიქსირებს, იგი არის პასუხისმგებელი საკუთარ სიტყვებზე. რაც შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებას, სახელმწიფო არის ვალდებული, დაიცვას მოქალაქის ღირსება, ეს წერია ჩვენს კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, აკრძალული ქმედება ძალიან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გაწერილია ჩვენს კანონმდებლობაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ სიძულვილის ენასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრისას.
მისივე შეფასებით, ევროპულ პრაქტიკასთან შედარებით ამ ქმედების მიმართ საქართველოს გაცილებით ლიბერალური მიდგომა აქვს.
„არაერთი ევროპული ქვეყანა მსგავს ქმედებას უმკაცრესად, სისხლის სამართლის წესით სჯის, მათ შორის 2 და 3 წლამდე პატიმრობებიც კი არის გათვალისწინებული, ასევე გათვალისწინებულია რამდენიმეათასევროიანი ჯარიმები. შეგვიძლია, შევხედოთ გერმანიის მაგალითს, სადაც 2 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, საკმაოდ მაღალი ჯარიმებია. ანალოგიური სისტემა აქვს იტალიას, ესპანეთს, ჰოლანდიას, ფინეთს, საფრანგეთს და ასე შემდეგ. თითქმის, ყველა ქვეყანაში ეს ქმედება არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება, საქართველოში ეს არის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებული საკითხი”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე ისაუბრა სახელმწიფოს ვალდებულებაზე, დაიცვას ადამიანის ღირსება.
„სახელმწიფო თავის ვალდებულებას, რაც არის ადამიანის ღირსების დაცვა, ბოლომდე მიიყვანს. ამ საკითხების საჯაროდ, სასამართლოს წინაშე წარმოება, იმ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობის დაწესება, ვინც კანონს არღვევს, ვფიქრობთ, სერიოზული პრევენცია იქნება”, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეტა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.









