17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც ანაკლიის პორტს კონკურენტულს ხდის სხვა პორტებთან შედარებით, – ამის შესახებ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ანაკლიაში ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul Group-ის ფლოტის ორი გემი – Al-Idrisi და Tristao Da Cunha ახორციელებს, რომლებიც პროცესს ერთობლივად უზრუნველყოფენ.

„დაღრმავებასთან ერთად, მიმდინარეობს ტალღმტეხელის მშენებლობა. ტალღმტეხელი სიგრძეში 1376 მეტრი იქნება, რაც უზრუნველყოფს აკვატორიის დაცვას, შემდგომში ისევ ზღვის ტალღებისგან არიდების მიზნით, ტალღმტეხელის უბეში გემების უსაფრთხოდ მანევრირებისთვის. ტალღმტეხელის მშენებლობა დღესდღეობით მიმდინარეობს ხმელეთის მხარეს. პირველი ტალღმტეხელის ტანი შენდება ხმელეთის მხარეს. როგორც კი სამუშაოები დასრულდება ხმელეთის მხარეს, მშენებლობა გადაინაცვლებს ზღვაში“, – აღნიშნა სიჭინავამ.