„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ქეთი თურაზაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას კატეგორიულად გამოვრიცხავთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში იპოვიან ხმებს. ეჭვმიტანილი არიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი სიით გასული დეპუტატები. – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

"როცა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა იყო, 95-96 ხმა დაფიქსირდა. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ნაწილთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუ „ქართული ოცნების“ ქცევებს დავაკვირდებით, ყველაზე საშიშები მაშინ არიან, როცა თავს იკატუნებენ. ახლაც თავს იკატუნებენ, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს ვერ შეაგროვებენ. სინამდვილეში კი, დარწმუნებული ვარ, დღე და ღამე მოლაპარაკება, ვაჭრობა მიმდინარეობს. ოპოზიციაში სხვადასხვანაირი ხალხია და მათ სხვადასხვა ინტერესი აქვთ. „ქართულ ოცნებაში“ მათი სურვილები, მიზნები და მისწრაფებები მშვენივრად იციან და ისეთი რამის შეთავაზება შეუძლიათ, რაც მათთვის მომხიბლავი იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას თქმით: პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს

არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყო.

ცნობისთვის, პროცესში მონაწილეობდნენ წარდგინების ავტორები: ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.

სხდომაში მონაწილეობას არ იღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს". - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა. 

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).

№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს  განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1  სექტემბერს დაიწყო.

უმრავლესობამ საკონსტიტუციოს მიმართა. 18 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად საკონსტიტუციოს პლენუმს გადაეცა.