ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო კომიტეტის წევრებს.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აუცილებელია, დევნილის ოჯახისთვის საცხოვრებლის გადაცემა მოხდეს ქულათა იმავე რაოდენობის მიხედვით, როგორიც მას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას ჰქონდა.

„ცვლილების შეტანა აუცილებელია იმისთვის, რომ დევნილ ოჯახს არ დააკლდეს ქულები და არ მიიღოს ნაკლები საცხოვრებელი ფართი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს იმგვარი მექანიზმის განსაზღვრას, რომელიც დევნილი ოჯახის ინტერესებს დაიცავს“, -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.