უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით 2024 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, ომის მიუხედავად, შესაძლებელია. მაგრამ, მისი თქმით, ამისთვის ქვეყანას ევროპისა და ამერიკისგან ფინანსური დახმარება დასჭირდება.
ზელენსკის განცხადებით, ისეთი დემოკრატიული პროცესის აკრძალვა, როგორიც არჩევნებია, შეუძლებელია და გამოთქვამს მზაობას პარლამენტთან ერთად გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.
"ჩვენ ვიცავთ დემოკრატიასა და ჩვენს მიწას. ამიტომაც განიხილება არჩევნების ჩატარების საკითხი. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომლის აკრძალვაც შეუძლებელია. (არჩევნების ჩასატარებლად) ჩვენ გვჭირდება საარჩევნო კოდექსის შეცვლა და თუ ჩვენი პარლამენტის წევრები მზად არიან, უნდა დავიწყოთ სწრაფი მოქმედება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ იარაღისთვის გამოყოფილ ფულს არჩევნების ჩასატარებლად არ გამოიყენებს და იმედოვნებს, რომ აშშ და ევროპა ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია იმ უკრაინელებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის აგრესიის გამო დატოვეს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა უკრაინელს უნდა მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა.
"ჩვენ გვჭირდება, რომ ეს იყოს საზოგადოების არჩევანი - არ გაიყოს ჩვენი ხალხი და სამხედროებმაც შეძლონ ხმის მიცემა. სწორედ ისინი იცავენ დღეს დემოკრატიას და არ იქნება სამართლიანი, რომ ომის გამო, მათ არ მივცეთ ეს შესაძლებლობა. ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არჩევნების წინააღმდეგი ვიყავი", - განაცხადა მან.
"არ მსურს გამოვჩნდეთ ისე, თითქოს ძალაუფლებას ვებღაუჭებით. ძალიან მსურს, რომ მომავალ წელს შევძლოთ არჩევნების ჩატარება", - დაამატა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.