26 აპრილს აშშ და ირანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში ერთმანეთს ომანში შეხვდნენ.

The Wall Street Journal წერს, რომ შეხვედრაზე მხარეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებული პოზიცია, კერძოდ, თეირანის მიერ ურანის გამდიდრების გაგრძელების საკითხზე. მოლაპარაკებები დასრულდა სერიოზული უთანხმოებებით და შეთანხმებით, რომ ისინი კვლავ შეხვედრას გეგმავენ.

"ჩვენს პოზიციებს შორის ზოგიერთი განსხვავება ძალიან სერიოზულია. მაგრამ შეგვიძლია თუ არა შეთანხმებას მივაღწიოთ? იმედიანად ვარ, მაგრამ ძალიან ფრთხილი" - თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თეირანის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა შეხვედრას "პოზიტიური და პროდუქტიული" უწოდა, თუმცა უთანხმოების საკითხების დეტალები არ გაახმაურა. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მხარეები მალე შეხვედრას ევროპაში გამართავენ.

მოლაპარაკებებში, რომლებიც ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა, აბას არაღჩი და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი მონაწილეობდნენ.

ასევე, ორივე მხარის ტექნიკური ჯგუფები პირველად მონაწილეობდნენ დეტალური საკითხების განხილვაში, მაგალითად, როგორ უნდა შეიზღუდოს ირანის ბირთვული საქმიანობა და შესაძლო სანქციების მოხსნის გეგმები.

WJS წერს, რომ ისევე როგორც პირველი ორი რაუნდის დროს, აშშ-სა და ირანს შორის კვლავაც მიმდინარეობდა არაპირდაპირი მოლაპარაკებები, რომლებსაც ომანელი შუამავლები ხელმძღვანელობდნენ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ ირანს შეუძლია ჰქონდეს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ის გამოიყენებს იმპორტირებულ ბირთვულ საწვავს - WJS აღნიშნავს, რომ ეს გეგმა თეირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნის გზის დაბლოკვას ისახავს მიზნად.