გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) დამფუძნებელი, კლაუს შვაბი, მის მიერვე დაარსებული ორგანიზაციის მხრიდან გამოძიების ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც გავრცელებულ მამხილებელ წერილში შვაბისა და მისი ცოლის სავარაუდო ფინანსურ და ეთიკურ დარღვევებზე იყო საუბარი.

გამოცემა წერილსა და საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ანონიმური წერილი წინა კვირას ორგანიზაციის საბჭოს მიუვიდა და მან შეშფოთება გამოიწვია WEF-ის მმართველობასა და სამუშაოზე არსებულ კულტურასთან დაკავშირებით, მათ შორის ბრალდებებზე, რომ შვაბების ოჯახი პირადულ საქმეებს ფორუმის რესურსებში რევდა შესაბამისი ზედამხედველობის გარეშე.

WSJ-ს ცნობით, წერილში საუბარი იყო ბრალდებებზე, რომ კლაუს შვაბი უფროს თანამშრომლებს საბანკო აპარატებიდან თავისთვის ათასობით დოლარის გამოტანას სთხოვდა და ორგანიზაციის ფინანსებით სასტუმროებში მასაჟის ხარჯებს ფარავდა. წერილი ასევე ამტკიცებდა, რომ შვაბის ცოლი, ჰილდა, რომელიც ფორუმის ყოფილი თანამშრომელი იყო, "სიმბოლურად" ფორუმის დაფინანსებულ შეხვედრებს გეგმავდა, რათა ორგანიზაციის ხარჯზე ძვირად ღირებულ სასტუმროებში მოგზაურობა გაემართლებინა.

წყაროების თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში შვაბი გამოძიების საწინააღმდეგოდ გამოდიოდა და ორგანიზაციის საბჭოს წევრებს ეუბნებოდა, რომ იგი უსაფუძვლო ბრალდებებს უარყოფდა და მათ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანდა.

საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ გამოძიება აღდგომის კვირა დღეს დანიშნულ საგანგებო შეხვედრაზე დაეწყოთ. ხოლო შვაბმა თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

მოგვიანებით, მან წარმომადგენლის მეშვეობით განაცხადა, რომ ანონიმურ წერილში გაჟღერებულ ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს. წარმომადგენელმა დაამატა, რომ საკუთარი რეპუტაციის დასაცავად შვაბი სარჩელის შეტანას აპირებს ანონიმური წერილის უკან მდგომი პირისა და ნებისმიერი მათგანის წინააღმდეგ, ვინც "ამ ტყუილებს გაავრცელებს".

კლაუს შვაბის წარმომადგენლის თქმით, როდესაც ის სასტუმროებში მასაჟის თანხას ფარავდა, იგი ფორუმს ხარჯს ყოველთვის უნაზღაურებდა. ამას გარდა, შვაბმა და მისმა ცოლმა ძვირადღირებულ მგზავრობებსა და ფულის გამოტანასთან დაკავშირებით ბრალდებებიც უარყვეს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის განცხადების მიხედვით, წერილის მიღების შემდეგ, საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების გადაწყვეტილებას.

ამას გარდა, წერილში შეშფოთებაა გამოხატული შვაბის მხრიდან ქალი თანამშრომლების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით და იმაზე, თუ როგორ ეძლეოდა საშუალება მისი მმართველობის პერიოდში სექსუალური შევიწროებისა და სხვა დისკრიმინაციული ქცევის შემთხვევების უყურადღებოდ დარჩენას.