აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ ფათაჰ სისისთან და დაზვერვის უფროსთან, აბას კამელთან განიხილა საკითხი, რომ „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ ეგვიპტემ უზრუნველყოს უსაფრთხოება ღაზის სექტორში, იმ დრომდე ვიდრე პალესტინის ხელისუფლება ამ ფუნქციის შესრულებას შეძლებს. ამის შესახებ Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, სისიმ უარყო ეს შეთავაზება და განაცხადა, რომ ეგვიპტე არ მიიღებდა მონაწილეობას „ჰამასის“ ლიკვიდაციაში, რადგან მას ესაჭიროება ჯგუფი ღაზის სექტორის საზღვარზე უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ბერნსის ვიზიტის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
მანამდე ეგვიპტის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორთან შეხვედრისას განიხილეს ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხები.
ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ვაშინგტონი სულ უფრო მეტად განიხილავს რეგიონალურ ლიდერებთან ღაზის სექტორის მომავალს „ჰამასის“ გარეშე. აშშ ამტკიცებს, რომ ანკლავი პალესტინელებმა უნდა მართონ.
„ღაზის არავითარი ხელახალი ოკუპაცია კონფლიქტის დასრულების შემდეგ. არანაირი მცდელობა ღაზის ბლოკადის ან ალყაში მოქცევის. ღაზის ტერიტორიის არავითარი შემცირება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
მისი თქმით, შესაძლოა კონფლიქტის დასრულების შემდეგ გარკვეული გარდამავალი პერიოდი იყოს საჭირო, მაგრამ პალესტინელები უნდა ჩაერთონ პოსტკრიზისულ მმართველობაში.
„ეს უნდა მოიცავდეს პალესტინის მმართველობას და ღაზის გაერთიანებას დასავლეთ სანაპიროსთან პალესტინის ხელისუფლების ქვეშ“, - თქვა ბლინკენმა.